Prime

AI ლაბორატორია. ხმოვანი აგენტები ავტოსერვისებისთვის

Senior Member of Technical Staff, Voice

₾36 000 – ₾60 000 · 1% – 5% · თბილისი

დასაქმების ტიპი
სრული, დისტანციური
მიმართულება
ინჟინერია
გამოცდილება
3 – 6 წელი

პრობლემა, რომელსაც ვწყვეტთ

საქართველოში თითქმის 1.9 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული და მათი 80 პროცენტი ათ წელზე ძველია. ეს იმას ნიშნავს, რომ სერვისი მუდმივად სჭირდებათ. და როცა ის დღე დგება, თითქმის ყველა რეკავს. ავტოსერვისში შემოსული ყოველი 100 ზარიდან 40 სწორედ ეს ზარია.

ოპერატორმა სამ წუთში უნდა მოასწროს ხუთი რამ: დამრეკავი ამოიცნოს, მისი ავტომობილი და მომსახურების ისტორია მოძებნოს, გაარკვიოს რა სამუშაოა საჭირო, შეარჩიოს ფილიალი და ამ მარკაზე მომუშავე ხელოსანი, ბოლოს კი თავისუფალი საათი იპოვოს.

სწორედ ამიტომ დავაარსეთ Prime, AI ლაბორატორია, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს. მომხმარებელი რეკავს ავტოსერვისში და ხვდება ჩვენს AI აგენტს. აგენტი ამოწმებს მის ავტომობილსა და საგარანტიო პირობებს, სთავაზობს მხოლოდ იმ ფილიალებსა და ხელოსნებს, რომლებიც ამ მარკას ემსახურებიან, ათანხმებს დროს და ჩანაწერს ბაზაში წერს. ოპერატორი ამ ზარს ვერ ხედავს, სერვისი კი ხედავს მხოლოდ დაჯავშნულ ვიზიტს.

სირთულეები

დემოს აწყობა მარტივია. სისტემა, რომელსაც ავტოსერვისი საკუთარ მომხმარებელს ანდობს, სულ სხვა ამბავია. ამ ორს სამი რამ განასხვავებს და სამივე სწორედ ამ პოზიციის საქმეა.

რეაქციის დრო

ადამიანი ყურმილს კიდებს, თუ მეორე მხარეს ხმა აყოვნებს. საჭიროა წამზე ნაკლები რეაქცია რეალურ სატელეფონო ხაზზე და არა ბრაუზერში.

გადაწყვეტილება ალგორითმს ეკუთვნის და არა მოდელს

ენობრივი მოდელი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ საუბრიდან ხარვეზი ამოიცნოს და შესაბამის კატეგორიად თარგმნოს. ხელოსანს ის არ ირჩევს. საგარანტიო პირობები, ავტომობილის მარკა და მოდელი, ფილიალების დატვირთვა და თავისუფალი საათები ბაზიდან მოდის, function calling-ის საშუალებით. ასე აგენტი ფიზიკურად ვერ ჩაწერს მომხმარებელს ვერც იმ ფილიალში, სადაც მისი მარკა არ მომსახურდება, და ვერც დიზელის სპეციალისტთან ელექტრომობილის მფლობელს.

ქართული

ქართული ყველა STT და TTS მიმწოდებლისთვის მწირი რესურსის ენად ითვლება. სტანდარტული პარამეტრებით მიღებული ხმა უცხოურ აქცენტს ინარჩუნებს და ტექნიკურ ტერმინებსა და ავტონაწილების სახელებს არასწორად კითხულობს. იმისთვის, რომ მეტყველება ბუნებრივად ჟღერდეს, საჭიროა გამოთქმის ლექსიკონები, ტექსტის ნორმალიზაცია, ხმის კლონირება და ბევრი მოსმენა-გადამოწმება.

პოზიციის შესახებ

შენ სრულად აიღებ ხმოვან სტეკს: არქიტექტურას, სატელეფონო ინტეგრაციას, STT, LLM და TTS პაიპლაინს, ბაზასთან დამაკავშირებელ ფენას, ტესტირებას და პროდაქშენის მდგრადობას.

დღეს გვაქვს ასისტენტის ალფა ვერსია, რომელიც უკვე ვაჩვენეთ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქართულ ავტოცენტრს და მათთან თანამშრომლობას ვიწყებთ. ალფა მუშაობს, მაგრამ ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ სერვისმა შემომავალი ზარების მთელი ნაკადი მას გადააბაროს. სწორედ ამ მანძილის გავლაა შენი ამოცანა და ტექნოლოგიურ სტეკზე გადაწყვეტილებების ნაწილიც შენი იქნება.

ეს გუნდში პირველი საინჟინრო პოზიციაა. პროდუქტის ტექნიკური მხარე მთლიანად შენს პასუხისმგებლობაში იქნება და პირდაპირ დამფუძნებელთან იმუშავებ, შუალედური რგოლებისა და ხანგრძლივი შეთანხმებების გარეშე.

რას გააკეთებ

  • გაუშვებ შემომავალი ზარების აგენტს რეალურ სატელეფონო ხაზზე (SIP, Twilio ან Telnyx), რეალურ დატვირთვაზე და არა საჩვენებელ გვერდზე.
  • დაამუშავებ რეალურ დროში მომუშავე პაიპლაინს მესამე მხარის სერვისებით: ხმის აქტივობის ამოცნობა, საუბრის შეწყვეტის დამუშავება (barge-in), რიგითობის მართვა, წინადადების დასრულების ამოცნობა და კავშირის აღდგენა წყვეტის შემდეგ.
  • ააწყობ გადაწყვეტილების ფენას, რომელიც ბაზას function calling-ით ესაუბრება: მომხმარებლის იდენტიფიცირება, ავტომობილისა და საგარანტიო პირობების შემოწმება, მარკის, სამუშაოს ტიპისა და ფილიალის მიხედვით გაფილტვრა, მხოლოდ შესაფერისი ხელოსნებისა და ფილიალების დაბრუნება და ვიზიტზე ჩაწერა.
  • მოაგვარებ ქართული მეტყველების ხარისხს: გამოთქმის ლექსიკონები, ტექსტის ნორმალიზაცია, ხმის შერჩევა და კლონირება, ტექნიკური ტერმინებისა და რიცხვების სწორად წაკითხვა.
  • ააგებ ხარისხის კონტროლის ბადეს: რეალურ სცენარებზე დაფუძნებული ავტომატური ტესტები, ზარების ლოგირება, ტრანსკრიპტები და ხარისხის მაჩვენებლები. თუ პრომპტის შესწორებამ მარშრუტიზაცია გააფუჭა, ამის შესახებ მომხმარებელზე ადრე უნდა გავიგოთ.
  • უზრუნველყოფ მონაცემების დაცვას. საქმე ეხება მომხმარებლისა და მისი ავტომობილის მონაცემებს, ამიტომ საჭიროა დაშიფვრა, წვდომების მართვა, შენახვის ვადები და აუდიტის შესაძლებლობა.

შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ

  • უკვე გაქვს გაშვებული ხმოვანი აგენტი, რომელსაც უცნობი ადამიანები რეკავდნენ, და არა მხოლოდ დემო ან ჰაკათონის პროექტი.
  • იცნობ ორივე გზას, სწრაფსაც (Vapi, Retell, Bland) და საკუთარი ინფრასტრუქტურის აწყობასაც (LiveKit Agents, Pipecat), და გაქვს არგუმენტირებული პოზიცია, რომელი როდის უფრო სწორია.
  • გიმუშავია დაყოვნების შემცირებაზე და შეგიძლია ახსნა, კონკრეტულად სად იკარგება მილიწამები.
  • თავს კომფორტულად გრძნივ backend-ის საქმეშიც: Postgres, REST API, ასინქრონული Python ან TypeScript, გარე სერვისების ინტეგრაცია.
  • გიმუშავია არაინგლისურენოვან ხმოვან სისტემაზე და გამოცდილებით იცი, რომ ენის კოდის შეცვლით საქმე არ გვარდება.
  • უფრო გინდა მთელი პროდუქტის ფლობა, ვიდრე დიდი გუნდის ნაწილად ყოფნა.
  • სწრაფად წერ კოდს AI ხელსაწყოებით (Claude Code, Cursor) და ამას ბუნებრივ სამუშაო რეჟიმად თვლი.

მოთხოვნები

  • პროგრამირების 3 – 6 წლიანი გამოცდილება
  • პროდაქშენში გაშვებული ხმოვანი AI სისტემა, რომელიც რეალურ ზარებს ამუშავებდა
  • რეალურ დროში მომუშავე სისტემები: WebSocket და WebRTC, აუდიოს სტრიმინგი, დაყოვნების ოპტიმიზაცია
  • სატელეფონო სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება (SIP, RTP ან Twilio და Telnyx დონის მიმწოდებელი)
  • Python ან Node.js და TypeScript მაღალ დონეზე
  • ენობრივი მოდელის function calling რეალურ backend-თან
  • სამუშაო გრაფიკი, რომელიც დღეში მინიმუმ ოთხი საათით ემთხვევა თბილისის დროს (UTC+4)

უპირატესობა

  • ავტოინდუსტრიის, სერვის-ცენტრების ან ჩაწერის სისტემების ცოდნა
  • მრავალენოვან ან მწირი რესურსის ენებზე მუშაობის გამოცდილება
  • რეალურ დროში მომუშავე ინფრასტრუქტურისა და ხმის სინთეზის მიმწოდებლების ცოდნა
  • სასაუბრო აგენტების შეფასებისა და მონიტორინგის ხელსაწყოებთან მუშაობა
  • ქართული ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არ მოვითხოვთ

რას გთავაზობთ

  • ჯანმრთელობასა და სპორტზე ზრუნვის ყოველთვიურ ბენეფიტს
  • პირდაპირ მუშაობას დამფუძნებელთან და გადაწყვეტილებებს იმავე დღეს
  • რეალურ კლიენტს: ალფა ვერსია უკვე ვაჩვენეთ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ავტოცენტრს და თანამშრომლობას ვიწყებთ
  • სრულად დისტანციურ მუშაობას და მოქნილ გრაფიკს
  • კომპანიის წილს, 1%-დან 5%-მდე და ხელფასს ₾36 000 – ₾60 000 წელიწადში

შერჩევის ეტაპები

  1. მოკლე სატელეფონო საუბარი, დაახლოებით ოცი წუთი. გავეცნობით ერთმანეთს, მოგიყვებით პროდუქტსა და კლიენტზე და გავარკვევთ, ემთხვევა თუ არა შენი მოლოდინი ამ პოზიციას.
  2. ტესტირება. ერთი საათი ვისაუბრებთ შენს გამოცდილებაზე: რომელ ხმოვან სისტემებზე გიმუშავია, როგორ ამცირებდი დაყოვნებას და რა გადაწყვეტილებები მიიღე. შემდეგ მოგცემთ მცირე პრაქტიკულ დავალებას, რომელიც სწორედ იმ ამოცანას ეხება, რაზეც ყოველდღიურად იმუშავებ.
  3. შეთავაზება ჩვენი მხრიდან.

როგორ მოგვწერო

გამოგვიგზავნე CV და ბმულები იმ ხმოვან სისტემებზე, რომლებზეც გიმუშავია: ჩაწერილი ზარი, სატესტო ნომერი, რეპოზიტორია, ნებისმიერი რამ, რისი მოსმენაც ან წაკითხვაც შეგვიძლია. ორ წინადადებაში მოგვწერე, რა იყო ყველაზე რთული იმ პროექტში, რომელიც შენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.

თუ კითხვაზე „როგორ ავამეტყველებთ სისტემას ბუნებრივ ქართულად“ შენი პასუხია „მოდელს დავატრენინგებთ“, სავარაუდოდ, ერთმანეთს არ ვუხდებით. თუ პასუხის ნაცვლად TTS მიმწოდებლის ფონემების მხარდაჭერაზე დაგვისვამ კითხვებს, უნდა შევხვდეთ.

ელფოსტა

info@prime-net.ge